logo
ENG



"სმაილი მომწერა და დარეკა" - ია ბიგვავას თქმით, დაჯარიმების მერე პატრულმა ფეისბუქზე მისწერა

17 ნოე 202000:08
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/zg7tr04qfiwe8bf.jpg

მოქალაქე ია ბიგვავა ამბობს, რომ პატრულის თანამშრომელი ფეისბუქზე დაეკონტაქტა მას შემდეგ, რაც პირბადის რეგულაციის გამო ჯარიმა გამოუწერა. ფორმულასთან საუბარში იგი ყვება, რომ მანამდე კონკრეტული პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ათვალიერებდა, შემდეგ გაყვა სამარშუტო ტაქსს, რომელშიც ის იჯდა, გააჩერა და მგზავრების თანდასწრებით დააჯარიმა.

მისი თქმით, მგზავრობისას 2 წამით ჩამოიწია პირბადე, რადგან როგორც ამბობს, ჯანმრთელობის მიზეზის გამო დიდხანს ვერ ატარებს. იამ ეს ამბავი ფეისბუქის გვერდზე საჯაროდ დაწერა, რის შემდეგაც მის მიერ მითითებული პატრულის თანამშრომლის გვერდი აღარ იძებნება. 

"ზუგდიდში ვცხოვრობ. მარშუტკები სადაც აყენია იქამდე მივედი. გოგო ყავდათ გაჩერებული. მე ვერ ვიკეთებ პირბადეს დიდხანს და რომ დავინახე, მაშინვე გავიკეთე. ჩვეულებრივად წამოვედი მარშუტკისკენ, გარეთ ველოდებოდი [სანამ დაიძრებოდა]. 20 წუთი არ წასულა პატრული, იქ იდგა და ერთი-ერთი განსაკუთრებით მიყურებდა. იმ დროს პირბადე მეკეთა და მაგის გამო არამგონია, შეეხედა.

ჩავჯექი მარშუტკაში, რადგან უკვე გადიოდა. არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ მაგრამ მოვიხსენი პირბადე. როგორც კი მოვიხსენი, ფანჯრიდან ვხედავ იგივე პატრულს. ამ დროს აჩერებს მარშუტკას, ამოდის და უკვე ყველას გვიკეთია. უკვე ვიცი რომ ჩემ გამო მოდის. დახედა, არავის აქვს მოხსნილი. მეუბნება, "გოგონი თქვენ არ გეკეთათო". ვიცი-მეთქი, ბრონხიტი მაქვს და დიდხანს ვერ ვიჩერებ და მოვუხსენი-მეთქი. პირადობა მივაწოდე და საჯარიმო ქვითართან ერთად  დამიბრუნა. ცოტა გვიან ჩავრთე ინტერნეტი, შევდივარ თუ არა, მიგზავნის "სმაილს". ელოდებოდა, მე რამეს მივწერდი თუ არა. ამ სმაილითაც თავი დაიზღვია, მაინც პოლიციელია. შემდეგ პასუხი რომ არ მივწერე, წავშალე ეს "სმაილი". შემდეგ დარეკა და ვიფიქრე, ყურადღებას არ მივაქცევ-მეთქი. მაგრამ მე რომ არ მივაქციო ყურადღება, სხვამაც არ მიაქციოს, ვიღაც შეიძლება, დააშანტაჟოს, ხო? არ ვიცი, ეს კაცი რისი გამკეთებელია. ასე გაღიზიანებული რომ არის ახლა, შეიძლება ახლაც გააკეთოს რამე", - ყვება ია ბიგვავა.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ პოლიციის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაუქრა:

"მე მიზეზი არ მიმიცია. მიზეზი რა შუაშია, პოლიციელი სამსახურშია ხო? მან თუ არ დამიცვა და მისი იმედი თუ არ მაქვს, აბა ვისი იმედი უნდა მქონდეს? მე რომ რამე გამიჭირდეს, პატრულს ხომ უნდა დავუძახო? მე ისედაც არ მჯეროდა მაგათი და დღევანდელის შემდეგ აღარ დავუძახებ". 

იგი ასევე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაწერა ამბავი, სახლში რამდენიმე "საერთო ახლობელმა" მიაკითხა ფეისბუქპოსტის წაშლის თხოვნით. 

"ჩემი პოსტის შემდეგ დავბლოკე, არ ვიცი რას მომწერდა, ცოტა ხნის შემდეგ ფეისბუქიც გააუქმა. 

ვიღაცები გამომიგზავნეს სახლში, საერთო ნაცნობები, მთხოვეს პოსტი წამეშალა და ბოდიშს მომიხდიდა. მეთქი დაწეროს საჯაროდ, რომ მე გავაზიარო და შემდეგ ვიღაც სხვა ბიჭებმა, ვინც ეგეთია და სამსახურს იყენებს, მათაც ნახონ და სხვას არ გაუბედონ-თქო.

მე არ მინდა სამსახურიდან გააგდონ, უბრალოდ ყველამ მინდა ნახოს ეს პოსტი, რომ აღარ მოუნდეთ ვინმეს იგივე გაუკეთონ. დიდად არ მსიამოვნებს, არ ვარ ბოროტი, მაგრამ ეგენი რატომ არიან?!", - ყვება ის. 

ია ამბობს, რომ არასამთვარობო ორგანიზაციიდაანაც დაუკავშირდნენ და მისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, იურიდიული დახმარება შესთავაზეს. 

ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტრის კითხვით, ექნებათ თუ არა რაიმე რეაგირება მოქალაქის მიერ გასაჯაროვებულ ამბავზე. უწყებაში აცხადებენ, რომ ია ბიგვავას ამბის საქმის კურსში არიან. უწყებაში ამბობენ, რომ გენერალური ინსპექცია დაუკავშირდა გამოქვეყნებული პოსტის ავტორს და დაწყებულია მოკვლევა. 

 

close დახურვა